
"ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი" - წარმოადგენს უნიკალურ ონლაინ კურსს, რომელშიც განხილულია ციფრული ტრანსფორმაციის არსი და სამართლის ახალი დარგების წარმოშობის საფუძვლები, ტექნოლოგიების სამართლის არსი, ტექნოლოგიების სამართლის ახალი დარგები, როგორიცაა ინტერნეტ სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი (e-Commerce Law), სოციალური ქსელების სამართალი და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმები, პლატფორმების სამართლის არსი და სამომხმარებლო შეთანხმებისადმი გამოსაყენებელი სამართლის პრობლემები. კურსში ცალკეა განხილული ბლოკჩეინტექნოლოგიების და კრიპტოვალუტების რეგულირების საკითხები, აგრეთვე სმარტკოტრაქტები, როგორც ალგორითმული თვითაღსრულებადი კონტრაქტების გამოწვევები. გარდა ამისა კურსში განხილულია ტექნოლოგიების სამართლის (TechLaw), როგორც დარგების ერთობლიობის ცნების განსხვავება სამართლის ტექნოლოგიებისგან (LegalTech), დამოუკიდებელი სამართლის დარგისგან, რომელიც არეგულირებს იურიდიული სერვისების მიწოდებას ტექნოლოგიების, კოდებისა და ალგორითმების გამოყენებით. კურსში შეისწავლით ისეთ დეფინიციებს, როგორიცაა "ციფრული მმართველობა" (e-Governance) და ელექტრონული მთავრობა (e-Government); ელექტრონული დოკუმენტების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამბების სამართლებრივი რეგულირების საკითხებს.
ონლაინ კურსის ბოლო ლექციები ეთმობა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის დეფინიციას, მის სახეებს, განვითარების ეტაპებს, მისი სამართლებრივი რეგულირების გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის რისკების დივერსიფიცირების საკითხებს. განხილულია ევროკავშირის 2024 წლის "ხელოვნური ინტელექტის აქტი", აგრეთვე ეთიკური ხელოვნური ინტელექტის ცნება და მისი რეგულირება.
